თბილისში ევროპის დე ფაქტო რეგიონების შესახებ თომას დე ვაალის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
გოუ ჯგუფის პარტნიორობით Carnegie Europe-ამ თბილისში კავკასიის საკითხებში ერთ-ერთი გავლენიანი ანალიტიკოსის თომას დე ვაალის ახალი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. 9 იანვარს შეხვედრაზე განიხილეს ანგარიში სახელწოდებით “გზაჯვარედინზე: დე ფაქტო სახელმწიფოებთან და სეპარატისტულ რეგიონებთან ინტერაქცია”.
Carnegie Europe-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თომას დე ვაალის კვლევის საგანი აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა და ჩრდილოეთი კვიპროსის კონფლიქტები და ბოლო პერიოდში იქ შექმნილი მდგომარეობა გახდა. საუბრის ერთ-ერთი თემა ის გამოცდილებაც იყო, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის შედეგად აღმოსავლეთ უკრაინამ შეიძინა. შეხვედრაზე მოხსენება წაიკითხა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ლევან მიქელაძის ფონდის დირექტორმა არჩილ გეგეშიძემ. დისკუსიას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე უძღვებოდა.
„ამ კონფლიქტებს ერთმანეთთან აერთიანებს არაღიარებული ან ნაწილობრივ აღიარებული სტატუსი, წლების განმავლობაში საომარი მოქმედებების არარსებობა და ბუნდოვანი და გაწელილი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი,” – ამბობს დე ვაალი.
ბრიტანელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მოქმედი არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში უნდა დარჩეს, თუმცა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს აფხაზეთის მიმართულებით აქტიურობა.
დე ვაალის აზრით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთში „პარადოქსული სიტუაცია“ შეიქმნა:
„რუსეთის მხრიდან აღიარებამ აფხაზეთს ერთი მხრივ მეტი რუსული ინვესტიცია, და ეკონომიკისთვის მეტი ფული მოუტანა, თუმცა ამავდროულად – საერთაშორისო იზოლაციაც. საერთაშორისო ორგანიზაციებმა აფხაზეთი დატოვეს, დაიკეტა მდინარე ენგურზე არსებული ადმინისტრაციული საზღვრის ბევრი გასასვლელი, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობდა“.
დე ვაალის აზრით, აფხაზეთის თვითიზოლაცია „უზარმაზარი პრობლემაა“ არ მხოლოდ სოხუმისთვის, არამედ თბილისისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც.
ლევან მიქელაძის ფონდის დირექტორმა და აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა არჩილ გეგეშიძემ, დე ვაალის მოხსენების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ჩრდილოეთი კვიპროსის, დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებს შორის არსებითი განსხვავება არსებობს.
„თუკი დნესტრისპირეთსა და კვიპროსში კონფლიქტის ძალადობიდან სამართლებრივ და პოლიტიკურ პროცესად ტრანსფორმაცია მოხდა, აფხაზეთის შემთხვევაში, ძალადობის პრეცედენტები ისევ და ისევ ხდება“, — თქვა გეგეშიძემ.
გეგეშიძის თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ის, რომ აფხაზეთში კონფლიქტს მკაფიო ეთნიკური განზომილება აქვს – აფხაზეთში ჯერ კიდევ პოპულარულია საქართველოს სახით მტრის ხატი. შეხვედრაზე განსაკუთრებით აქცენტირებულად განიხილეს ევროპის აფხაზეთთან თანამშრომლობის საკითხი.
ღონისძიებას და მის შემდგომ მიღებას მხარი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუჭირა.