სირთულეები სამცხე–ჯავახეთში
ეროვნება, ენა, კანონის არცოდნა
სამცხე-ჯავახეთში არსებული პრობლემები იყო ჟურნალისტური მისიის მთავარი თემა 2010 წლის ნოემბერში. მისიაში სხვადასხვა მედიასაშუალების რვა წარმომადგენელი მონაწილეობდა.
რეგიონი მოიცავს ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებს. ორი მათგანი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები ძირითადად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული. ისინი მთელი რეგიონის მოსახლეობის 40%-ს შეადგენენ. ჟურნალისტური მისიის დაკვირვების ცენტრში მოექცა ეს ორი რაიონი და მათი შორეული სოფლები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა აგრეთვე მესხ მუსლიმანთა ოჯახებსაც, რომლებიც სტალინმა მეორე მსოფლიო ომის დროს გადაასახლა და, რომლებიც ამჯერად თითო-თითოდ ბრუნდებიან რეგიონში, რაც მუდმივად ქმნის მათი ეთნიკური იდენტიფიკაციის, ენისა და იურიდიულ პრობლემებს.
სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებმა ან საერთოდ არ იციან ქართული ენა, ან მათი ცოდნა არ არის საკმარისი ინტეგრაციისთვის. შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართულენოვანი მედიასაშუალებები მიუწვდომელია.
რეგიონის სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს ძალიან იშვიათად აშუქებს ქართული მასმედია, ამიტომ ქვეყნის მოსახლეობამ ნაკლებად იცის სამცხე-ჯავახეთში არსებული რეალური სიტუაცია. უფრო მეტიც, თბილისში არსებულ მედიაკომპანიებს არ ჰყავთ თავიანთი კორესპონდენტები იქ, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ამის შედეგად, ცნობები რეგიონიდან უმეტესად მხოლოდ ყურმოკრულ ამბებს ეყრდნობა და არ ასახავს რეალობას.
ყოველივე ეს სომხური მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს და ძაბავს ურთიერთობას ეროვნებათა შორის. ადგილობრივ ქართველ და სომეხ თემებს შორის კონტაქტების ნაკლებობა, პრესის უყურადღებობა, ადგილობრივი ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, ინფორმაციის უქონლობა ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ ხელს უწყობს საზოგადოებაში გარიყულობის გრძნობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ეს ეხება ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას.
მისიის მონაწილეები
მაია წიკლაური, ჟურნალი “ლიბერალი”
მალხაზ ჭკადუა, სააგენტო “ინტერპრესნიუსი”
მაგდა ლეკიაშვილი, გაზეთი “24 საათი”
დავით ყანჩაშვილი, “ნეტგაზეთი”
ეკა ბასილაია, გაზეთი “რეზონანსი”
ნინო მიქიაშვილი, სააგენტო Presa.ge