შიდა ქართლი – კონფლიქტის ზონა

2009

მიტოვებულები საზღვარზე

გოუ ჯგუფმა ჟურნალისტების ექსპედიცია ამჯერად სოფელ დვანში მოაწყო. ეს სოფელი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას დაქვემდებარებული ერთერთი უკანასკნელი დასახლებული პუნქტია.

დვანში ქართული და სხვა ქვეყნების წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ადგილობრივებს შეხვდნენ. შეხვედრას 20-ზე მეტი მოქალაქე დაესწრო.

დვანში ამჟამად რამოდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ომის დროს იძულებული გახდა, მიეტოვებინა თავისი სახლ-კარი, თუმცა მალე, არსებული საფრთხის მიუხედავად, კვლავ დაუბრუნდნენ საკუთარ კერას.

იმ სახლიდან, რომელშიც შეხვედრა შედგა, კარგად ჩანდა როგორც ოსური, ისე ქართული პოლიციის ბლოკ-პოსტი, ორივე – დაახლოებით ას მეტრში. დღის განმავლობაში სოფელ დვანს პოლიციის სპეცდანაყოფი იცავს, მაგრამ საღამოს ისინი მიდიან და ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი თავის იმედად რჩება.

შეხვედრაზე მყოფი მოქალაქეების უმრავლესობამ მთავარ პრობლემად უწყლობა დაასახელა. ამ ფაქტმა, რომ ხალხს წყლის უქონლობა უფრო მეტად აწუხებდა, ვიდრე სოფლის უსაფრთხოების დაუცველობა, ზოგიერთი ჟურნალისტის გაოცება გამოიწვია.

დვანს წყალი ომის შემდეგ არ მიეწოდება, რადგან რეზერვუარი, რომელიც უახლოეს სოფლებს უნაწილებდა წყალს ოსეთის მხარეს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მოექცა. დვანელები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ ამ პრობლემის მოკლე ხანში გადაჭრას დაპირდა, მაგრამ ზუსტად როდისთვის გადაიდო ეს საკითხი, არავინ იცის.


მისიის მონაწილეები

გოგა აფციაური, რადიო “თავისუფლება”, Media.Ge
ოლესია ვართანიანი, რადიო “ეხო კავკაზა”
სკიპ ისააკსი, ამერიკელი ვეტერანი ჟურნალისტი
ნინო დალაქიშვილი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი
გეივინ რიზი, “დარტ ცენტრი ევროპის” დირექტორი
მალხაზ ჭკადუა, ინტერპრესნიუსი
ეკა ჭითანავა, ჟურნალი “ლიბერალი”