ქალაქი წარმოსახვაში | ლაზიკა
გოუ ჯგუფმა დასავლეთ საქართველოში, იმ ადგილას, სადაც ახალი ქალაქის ლაზიკას მშენებლობა იგეგმებოდა და გარკვეული სამუშაოები დაწყებულიც იყო 2011 წელს ჟურნალისტების ექსპედიცია მოაწყო. გვაინტერესებდა, რამდენად რეალური იყო ახალი ქალაქის მშენებლობის პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული ყველა დეტალი.
2011 წელს მართლაც რეალურად განიხილებოდა საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის ლაზიკას მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა არც გეგმა, არც სახარჯო ნუსხა და არც ეკოლოგიურად იყო შეფასებული ქალაქის მშენებლობა, იდეის ავტორები ამბობდნენ, რომ ლაზიკას უნდა გაეოგნებინა მსოფლიო – თავისი სილამაზით, ფუნქციურობითა და საკუთარი ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით.
ლაზიკის მშენებლობას იუსტიციის სამინისტრო კურირებდა და სწორედ მისი წარმომადგენლები გვპირდებოდნენ, რომ სულ მალე 2 წელიწადში ახალ ქალაქს დაასახლებდნენ. არ იყო გამოკვეთილი, როგორი უნდა ყოფილიყო ქალაქი, თუმცა იგეგმებოდა სპეციალური კონფერენცია ინვესტორებისთვის, ვინც ლაზიკას მშენებლობით დაინტერესდებოდა.
ქალაქის მშენებლობა იმ ტერიტორიაზე იგეგმებოდა, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილს მოიცავდა და რომელსაც რამსარის კონვენცია იცავდა. სწორედ ეს იყო ერთერთი მიზეზი, რატომაც ჟურნალისტები გოუ ჯგუფის ორგანიზებით კოლხეთის დაბლობს ეწვივნენ. ისინი ქალაქის მშენებლობის ეკოლოგიური ასპექტებით დაინტერესდნენ. მათ შეხვედრები ჯერ თბილისში, შემდეგ კი უშალოდ დასავლეთ საქართველოში გამართეს.
ჟურნალისტებმა თბილისში მოისმინეს ზოგიერთი ეკოლოგის, ერთი შეხედვით, საგანგაშო პროგნოზი. სპეციალისტები, რომლებსაც ექსპედიციის მონაწილეები შეხვდნენ, ამბობდნენ, რომ ქალაქი თუ აშენდება, ზღვა დაფარავს ხმელეთის დიდ ნაწილს და ქუთაისამდე მიაღწევს.
თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტები დარწმუნდნენ, რომ ექსპერტები ნაწილობრივ აზვიადებდნენ ფაქტებს. მაგალითად, თბილისში გვეუბნებოდნენ, რომ ანაკლიაში სასტუმროთა სარდაფებში წყალი დგას. ექსპედიციისას კი გაირკვა, რომ მსგავსი პრობლემები არ იყო.
ლაზიკაში ჟურნალისტებმა დიდი დრო დაუთმეს ადგილობრივებთან ურთიერთობას. გამოუცდელ ადამიანს ერთი შეხედვით შეიძლება მოსჩვენებოდა, რომ ანაკლიის მთელი მოსახლეობა ორ ნაწილად იყოფა: კმაყოფილებად და ძალიან კმაყოფილოებად. თუმცა ახლოდან დაკვირვების შემდეგ კი ცხადი გახდა, რომ ხალხს, უბრალოდ, ეშინოდა პრესასთან გულახდილობის გამო უსიამოვნება არ შეხვედროდა.
ექსპედიციისას გაირკვა, რომ ანაკლიის ბევრი მოსახლე იძულებული გახდა, დაეთმო თავისი მიწის ნაწილი სახელმწიფოსთვის. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებაც არწმუნებდა ჟურნალისტებს, რომ კომპენსაცია აბსოლუტურად ყველამ მიიღო; მაგრამ სამართალდამცავებმა და ადგილობრივმა ჟურნალისტებმა გვიამბეს მთელი რიგი გაუგებრობებისა და დარღვევების შესახებ, რომელთა შედეგადაც დაზარალდნენ მესაკუთრეები.
საბოლოოდ პროექტი ლაზიკა არ შედგა და მასთან დაკავშირებული ყველა ჩანაფიქრი მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების წარმოსახვაში დარჩა.
მისიის მონაწილეები
სამირა აჰმედბეილი, გაზეთი “აზადლიგ”, ბაქო
ალექსანდრე ავანესოვი, სააგენტო “არმინფო”, ერევანი
მარიამ ბეთლემიძე, თავისუფალი ჟურნალისტი, თბილისი
ვადიმ დუბნოვი, სააგენტო “რია–ნოვოსტი”, მოსკოვი
ბექა გომელაური,რადიო “მწვანე ტალღა”, თბილისი
ანი ჰოვასიანი, სააგენტო “ჰექთ”, ერევანი
ნიჟატ მუსტაფაევი, სააგენტო “აპა”, ბაქო
ნინო ნარიმანიშვილი, გაზეთი “სამხრეთის კარიბჭე”, ახალციხე
ჟანა ულიანოვა, “გაზეტა.რუ”, მოსკოვი
ოლესია ვართანიანი, რადიო “ეხო კავკაზა”, თბილისი