უსამართლობა ქვემო ქართლში

2010

მიწები, განათლება, რელიგია

ირველი ჟურნალისტური ექსპედიცია ქვემო ქართლის რეგიონის აზერბაიჯანულ სოფლებში შედგა. ჟურნალისტების სტუმრობა ოქტომბერში მოსავლის აღებას დაემთხვა.  ეროვნული გაზეთების, რადიოსადგურებისა და ტელეარხების 8 ჟურნალისტი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული გაზეთის, “სამხრეთის კარიბჭის” მთავარი რედაქტორი ერთად ორი დღის განმავლობაში ხვდებოდნენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და მოსახლეობას. ცდილობდნენ გაერკვიათ, რა ხდება ამ რეგიონში, რა პრობლემები და რისი მოლოდინი აქვს აზერბაიჯანულ თემს, რომელიც ქვეყანაში ქართველების შემდეგ ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია და, რომელიც ამ რეგიონში უმრავლესობას წარმოადგენს.

შეხვედრებისას თავი იჩნა რამდენიმე საკითხმა:

საკმაოდ დაბალია აზერბაიჯანული მოსახლეობის ცნობიერების დონე საქართველოში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესების შესახებ. შესაბამისად, მცირეა ამ პროცესებში ადგილობრივების ჩართვის მაჩვენებელი.

ასევე დაბალია ადგილობრივი მოსახლეობის ნდობაც მთავრობისადმი. უპირველეს პრობლემად მიწების უსამართლო განაწილება დასახელდა.

აზერბაიჯანული ეროვნების მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ადგილობრივ და სამთავრობო თანამდებობებზე დანიშვნის არსებული პრაქტიკის მიმართ. ასევე ასახელებდნენ რელიგიური ნიშნით გამოწვეული დისკრიმინაციის მაგალითებს.

ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, თავად ენახათ აზერბაიჯანელთა სოფელ ტალავერში (რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ძველ სახელს, ფახრალოს უწოდებს) მეჩეთის ირგვლივ არსებული სკანდალური სიტუაცია.

განხილვის თემა იყო, ასევე, აზერბაიჯანელ ბავშვთა მიმართ უსამართლო დამოკიდებულება სკოლებში და რეგიონში არსებული განათლების უდაბლესი დონე; აღინიშნა უმუშევრობის მაღალი დონე. ყველაფერ ამას თან ერთვის არასასურველი სოციალური და პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც სიღარიბესთან და სოციალური ინფრასტრუქტურის რღვევასთან ერთად ფართოდაა გავრცელებული მთელს საქართველოში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი კი კარგი  ნიადაგია კინფლიქტისთვის და შეუძლია სერიოზული უთანხმოების გამოწვევა, თუკი მას პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებიც დაერთვება.

ჩვენი მისიის შედეგად რამდენიმე ვრცელი მასალა გამოქვეყნდა მედიის სხვადასხვა საშუალებებში. მისიის ერთ–ერთი მონაწილე მალხაზ ჭკადუა კი თავისი მასალით სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებულებს შორის დასახელდა. მისმა სტატიამ “ქართული აზერბაიჯანი” საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

გოუ ჯგუფი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მარნეულის არასამთავრობო ორგანიაცია ”დათმენას” ამ ჟურნალისტური მისიის მოწყობის ორგანიზებისთვის.


მისიის მონაწილეები:

ხათუნა კაციტაძე, კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი
დადუ დვალი, კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი
მაია წიკლაური, ჟურნალი “ლიბერალი”
მალხაზ ჭკადუა, სააგენტო „ინტერპრესნიუსი“
დავით ყანჩაშვილი, netgazeti.ge
ირინა კვანჭახაძე, რადიო „ჯიპა“
ნინო ნარიმანიშვილი, გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“
მაია შამანაური, რადიო “ჯიპა”
ლევან ახალაია “რადიო “მწვანე ტალღა”